ეს კანონები საქართველოში პოლიტიკის დასასრულს მოასწავებს - ზაზა ბიბილაშვილი

ეს კანონები საქართველოში პოლიტიკის დასასრულს მოასწავებს, - განუცხადა CNews.ge-ს პოლიტიკური ფონდის „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რომელიც პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით მძიმე შეზღუდვებს აწესებს. 

ბიბილაშვილის თქმით, აქ უკვე რამე „საფრთხეზე“ ლაპარაკი ზედმეტია, ეს არის უკვე დამდგარი რეალობა, რომლის მიზანი საქართველოს დასავლეთისგან სრული ჩამოშორება და ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებაა. 

„ეს საკანონმდებლო პაკეტი იმ გრძელი და მახინჯი გზის ბოლო წერტილია, რომელიც ივანიშვილმა წლების წინ დაიწყო და რომელსაც საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება ჰქვია. ესაა ქართული დემოკრატიის კუბოზე დაჭედებული ბოლო ლურსმანი. ცალკე მიზანია საქართველოდან დასავლეთის სრული გაძევება, რაც ასევე პრაქტიკულად სრულდება ამ კანონებით. საუბარი იმაზე, რომ ეს კანონები რაიმე "საფრთხეს" შეიცავს, ერთგვარი მიამიტობაც კია. "საფრთხე" პოტენციურს გულისხმობს. ეს კანონები კი საქართველოში პოლიტიკის დასასრულს მოასწავებს. ეს კანონები ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში სულ ეს რუსული, კორუმპირებული სინდიკატი უნდა დარჩეს, ხოლო პატრიოტ მოქალაქეს ექნება ორი არჩევანი - ან ციხე, ან ქვეყნიდან წასვლა თავის გადარჩენის მიზნით“- აცხადებს ბიბილაშვილი. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კი მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის რღვევისკენ.

 „აღსანიშნია ზღვარგადასული ცინიზმი, რომლის ფონზეც რუსეთი სახელმწიფოს გვიუქმებს. ადამიანები, რომელთა ხელითაც რუსები რევანშს იღებენ 1991 და 2003 წლებისთვის, თავად მრავალი წლის მანძილზე ან უცხო სახელმწიფოების სამსახურში იდგნენ, ანაც დასავლური გრანტების მიმღებებად გვევლინებოდნენ. ამ კანონების მიზანია, რომ სრულად განადგურდეს საქართველოში არა მხოლოდ ოპოზიცია, კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ყველანაირი კრიტიკული აზრი; განადგურდეს მოქალაქეობა, როგორც ასეთი და აქ დარჩენილი ქართველები ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მორჩილ, მდუმალე „მოსახლეობად“ აქციონ. ქოცები კი იტყვიან - არა, ასე არ არისო, მაგრამ ისინი იმასაც ამბობდნენ, რუსულ კანონს არ მოვაბრუნებთო, მერე ამბობდნენ, კანონის მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგელობას არ ითვალისწინებსო, იმასაც ამბობდნენ, ღარიბაშვილი წესიერი კაციო, გახარია მაგარიაო, სალომე ჩვენი პრინციპული არჩევანიაო და ა.შ... მოკლედ, ქოცები ყველანაირ ტყუილს იკადრებენ, რომელსაც მათი ჩრდილოელი ინსტრუქტორები დაავალებენ“, - განუცხადა CNews.ge-ს ზაზა ბიბილაშვილმა. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების პარლამენტი დღეს გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწვებს. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გახდეს უცხოეთიდან ნებისმიერი თანხის მიღება, თუ ის პოლიტიკურ აქტივობასთან იქნება თანხვედრაში.

https://cnews.ge/article/es-kanonebi-saqartveloshi-politikis-dasasruls-moastsavebs?fbclid=IwY2xjawPtW6NleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFzSkR6SzFyNlc4Z0cyYW9Ec3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHhgQQ67pLJkHE7vM6YiFsyruJSpmylwiAv5wBOgOpyWSZlFHZmxcWn4aGcAp_aem_3RGuLOoA5N7ycSpk5RtkoQ